Home Blog Page 196

ახალქალაქის რაიონში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა და წლიურად 8 ტონა თევზს აწარმოებს

0

თბილისი (BPI) – ახალქალაქის რაიონში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა და წლიურად 8 ტონა თევზს აწარმოებს. მეურნეობის მფლობელი აშოტ ხაჩატურიანია და მან საწარმოს გაფართოება სახელმწიფო პროგრამის “ერთიანი აგროპროექტი” ფარგლებში შეძლო.

საკალმახე მეურნეობა თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი. საწარმოში 4 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. 

კომპანია „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 80 000 დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 37 100 დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 42 900 დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. სამცხე ჯავახეთის რეგიონში შექმნილია 8 ახალი საწარმო და გაფართოვდა 54 საწარმო.

წყარო: ,,ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაით’’ 

ბიუჯეტი 2018: 4 მლნ ფაროსანასთან საბრძოლველად

0

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებებისთვის საბრძოლველად 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დოკუმენტი ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. 

რაც შეეხება მიმდინარე წლის ხარჯებს, სექტემბერში აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ბიუჯეტიდან დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყო. 2017 წლის მარტში კი მთავრობამ ამ მიმართულებით სხვადასხვა რეგიონში 7,5 მილიონი ლარი გადაანაწილა. გარდა ამისა, საქართველოს დახმარება აშშ-ის მთავრობამ 5,5 მილიონი ლარით გაუწია. 

ცნობისთვის, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 8 მილიონ 5 ათასი ლარით იზრდება. სამინისტროს მიმდინარე წლის გეგმით 257 მილიონ 995 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, 2018 წლის პროექტში კი – 266 მილიონი. 

წყარო: BusinessMediaGeorgia

საქართველო ღვინის ტურიზმის საუკეთესო მიმართულებებს შორისაა

0

პოპულარული ბრიტანული ტურისტული ვებ-გვერდის Skyscanner მიერ შედგენილ რეიტინგში საქართველო ლიდერი აღმოჩნდა და პირველ სამეულში მოხვდა. Skyscanner-ის რეიტინგში – ’’ღვინის ტურიზმისთვის საუკეთესო იდეები 2017 წლის შემოდგომაზე“ საქართველო წამყვან პოზიციაზეა. 

“კარგი ღვინო მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში მზადდება, თუმცა Skyscanner-მა 10 საუკეთესო ქვეყანა აირჩია, სადაც შემოდგომაზე ღირშესანიშნაობებთან ერთად, შესაძლებელია უძველესი ღვინის სარდაფები მოინახულოთ, რთველში მიიღოთ მონაწილეობა და ფერად ფესტივალებზე გაერთოთ. 

მოგზაურებს, რომლებიც ღვინით არიან დაინტერესებული, რეიტინგის ავტორები წინანდლის, გურჯაანის, ალავერდის, თელავის და ალაზნის ველის მონახულებას ურჩევენ. 
“არ უნდა გამოგრჩეთ სიღნაღის მონახულება. ადგილობრივმა სილამაზემ და ღვინომ ერთხელ ისე მოხიბლა ამერიკელი მხატვარი ჯონ ვურდემანი, რომ ის სიღნაღში დასახლდა და მეღვინეობა დაიწყო. საკუთარი კომპანია “ხოხბის ცრემლები” დააარსა და ღვინის ტურიზმის განვითარებას მიჰყო ხელი. მალე საკუთარი რესტორანიც გახსნა, სადაც სურათების გალერეა მოაწყო», – ვკითხულობთ სტატიაში. 

სტატიის ავტორი მკითხველს რთველის ტრადიციასაც აცნობს: 
“მოგცემენ ვაზის სასხლავ სეკატორს, უზარმაზარ კალათას და გაგიშვებენ ვენახში. საღამოს კი ტრადიციულად გემრიელი ქართული კერძებით სავსე სადღესასწაულო სუფრასთან მიგიპატიჟებენ, რომელსაც ხალხური სიმღერებით, ცეკვებით და სადღეგრძელოებით ალამაზებენ. ასევე შემოდგომაზე საქართველოს მონახულება შესანიშნავი შესაძლებლობაა ყურძნისა და კაკლისგან ან თხილისგან დამზადებული ტკბილეულის “ჩურჩხელას“ დასაგემოვნებლად”, – წერს ვებ-გვერდი. 

Scyscanner-ის რეიტინგის პირველ პოზიციაზე საფრანგეთია, რომლის მეღვინეობის ტრადიციებზე საუბარი, როგორც პორტალი წერს, ხაზგასმას არ საჭიროებს. მეორე ადგილზე იტალიაა თავისი ცნობილი მეღვინეობის რეგიონებით: ლომბარდია, ტრენტო, ფრიული, პიემონტი და ტოსკანი. სამეულს საქართველო ხურავს, რომელსაც მოჰყვა: პორტუგალია, უნგრეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, მოლდოვა, ესპანეთი და რუსეთი.

წყარო: BusinessMediaGeorgia

იმერეთის სამ მუნიციპალიტეტს აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატები დაურიგეს

0

იმერეთის მუნიციპალიტეტებს დღეს მავნებელი მწერის, აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატები დაურიგეს. როგორც იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა, სოსო ხახალეიშვილმა განაცხცადა, პრეპარატი იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ სამ, სამტერდიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტში დაურიგდათ. მისი განმარტებით, ამ დროისთვის სხვა მუნიციპალიტეტებში მავნებლის საწინააღმდეგო საშუალებების დარიგების საჭიროება არ არის.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, როსტომ თავაძის თქმით, მავნებელი მწერის საწინააღმდეგო საშულებებს პირველ ეტაპზე 14 313 ოჯახს გადასცემენ. როსტომ თავაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 338 ჰექტარი თხილის ფართობი, ხოლო სიმინდის – 3 800 ჰექტრამდეა შეწამლული.

“სადაც საჭიროება იყო, ყველგან შეიწამლა. მომდევნო კვირიდან კი დამატებით ყველა ოჯახს დაურიგდება ფერომონები (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგები) და წამალი”, – ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, როსტომ თავაძე.

სურსათის ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, ერთ ოჯახზე, განსაზღვრულია ერთი ლიტრი შესაწამლი საშუალება და ფერომონი. მათივე ინფორმაციით, ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის რეკომენდირებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ. ერთი ლიტრი პრეპარატით შესაძლებელია 2 ჰექტრამდე ფართობის დამუშავება.

წყარო: BusinessPressNews

„სოფლის მეურნეობაში საჭიროა შეღავათიანი სესხების გაცემა“ – რა პრობლემები აქვთ ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორებს?

0

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საექსპორტო არეალი გაიზარდა და ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზეც გადის, აგროსასურსათო პროდუქცია ძირითადად მაინც „შეჩვეულ“ ქვეყნებში იყიდება.

ევროპაში ქართული პროდუქციიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო და თხილი გადის, რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, ის ტრადიციულ ბაზრებზე – პოსტსაბჭოთა სივრცეში უფრო იყიდება. რა მდგომარეობაა დღეს ამ ბიზნესში და რა პრობლემები აქვთ ქართველ ექსპორტიორებს? – ამ შეკითხვას შპს „შმაგის“ ხელმძღვანელი – მანანა გელაძე საუბრობს. მანანა გელაძე მიიჩნევს, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს პროდუქციის ექსპორტი ძალიან უჭირთ.

„ ჩვენი ფირმა ექსპორტს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში აწარმოებს. უკვე ორი თვეა, გაჩერებული ვართ. ატმის ექსპორტზე ნორმალურად ვიმუშავეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოც ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ მატერიალური მხარე მაინც ყველაფერს წყვეტს და ჩვენი საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შევძელით. მერე ნიორიც შემოვიდა, პომიდორიც, შინდიც, მაგრამ ექსპორტზე ვერც ერთი ვერ გავიტანეთ. დიდი იმედი გვქონდა, რომ პომიდვრის ექსპორტზე მაინც ვიმუშავებდით, მაგრამ ვერ გაგვაქვს, რადგან სახსრები არ გვყოფნის. მცირე და საშუალო ბიზნესი ამ სფეროში ძალიან პასიურია, ეს ეხება არა მარტო ჩვენს ფირმას, არამედ ყველას, ვისაც ვიცნობ. მცირე ბიზნესის დიდი ნაწილი უსახსრობის გამო გაჩერებულია. საქმე მარტო პროდუქციის შესყიდვა ხომ არ არის? – ხილს და ბოსტნეულს დახარისხება და ტრანსპორტირება სჭირდება, ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს და ჩვენი მიზერული მოგებით ამ ხარჯებს ვერ ვწვდებით“, – აღნიშნავს მანანა გელაძე. მისი თქმით, მსხვილ ფირმებთან კონკურენციის გაწევა რთულია.

„დიდი ბიზნესი ვისაც აქვს, მისი შემოსავალიც სოლიდურია, თანაც, მათთვის შეღავათიანი კრედიტის აღება პრობლემას არ წარმოადგენს. დიდ ფირმებს მაცივრები აქვთ, სადაც ხილ-ბოსტნეულს ინახავენ და ზამთრის სეზონზე ორმაგ ფასად ყიდიან, ჩვენ კი, სეზონურ მოსავალზე ვართ დამოკიდებული. კრედიტის სანაცვლოდ ბანკი ისეთ გარანტიებს მოითხოვს, რომელსაც ჩვენ ვერ შევწვდებით. ამ საქმეში 4-5 ათასი ლარი არაფერია, დასაწყისისთვის 25-30 ათასი ლარი მაინც გჭირდება, რომ პოზიციები შეინარჩუნო. ისეთი გადასახადები გვაქვს, რომ ვერ ვწვდებით. არსებობისთვის ვიბრძვით, თორემ ჩვენ ამ ბიზნესისგან მილიონები არასოდეს დაგვრჩენია“, – აცხადებს მანანა გელაძე.

მისგან განსხვავებით, იმედიანად არის განწყობილი შპს „ფრუიტილიას“ დამფუძნებელი – ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

„ჩვენი ფირმა ჩვეულებრივად მუშაობს, სერიოზული პრობლემები არ შეგვქმნია, მით უმეტეს, რომ ათასობით ტონა პროდუქცია გაგვაქვს ყოველწლიურად. საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელსაც ამხელა ბრუნვა აქვს. წელს ძალიან კარგად იმუშავა ვაშლატამამ და ატამმა, პომიდვრის ექსპორტიც ნორმალურად ჩავატარეთ და ახლა უკვე შინდის გატანა დავიწყეთ. მართალია, შარშანდელთან შედარებით მცირედი კლება გვაქვს, მაგრამ ეს კლიმატური პირობების ბრალია. ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია რუსეთში და ყაზახეთში გაგვაქვს – ეს არის ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარი“, – აღნიშნავს ვახო ბეჟიტაშვილი.

„ფრუიტილიას“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ექსპროტის სტიმული, მისი წახალისება ყველა ქვეყანაშია მიღებული და ეს ტენდენცია ჩვენთანაც უნდა დაინერგოს.

„ჩვენთვის სულ მცირე შეღავათიც კი ბევრს ნიშნავს. სოფლის მეურნეობის პროდუქცია რისკიანი პროდუქციაა და ამიტომაც სჭირდება შეღავათიანი სესხები. ბანკიდან სესხის გამოტანა ბიზნესს ძალიან ძვირი უჯდება, რადგან ყველა კომერციულ ბანკს მაღალი პროცენტი აქვს დაწესებული. პრობლემაა საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობაც, მაგალითად, ჩვენი ფირმის საგადასახადო შემოწმება რამდენჯერმე გადაავადეს და საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ მიგვიღია. ბუნებრივია, ეს გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის, რადგან უკვე 6 თვეა შემოწმების რეჟიმში ვიმყოფებით, არადა, 3 თვეზე მეტ ხანს შემოწმების უფლება არა აქვთ. საგადასახადო ორგანოებმაც ხელი უნდა შეგვიწყონ, რომ როგორმე წინ წავიდეთ და ერთ ადგილზე არ გავიყინოთ“, – ამბობს ვახო ბეჟიტაშვილი.

ექსპორტიორის შეფასებით, წლევანდელი წელი მათთვის ცუდი არ იყო, მაგრამ უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა.

„ იაფი კრედიტის აღების საშუალება რომ გვქონოდა, კლიმატურ პირობებსაც ხელი შეეწყო და საგადასახადო შემოწმებაც მალე დასრულებულიყო, პროდუქციის ექსპორტს გავაორმაგებდით. მიუხედავად უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორისა, უკმაყოფილონი მაინც არ ვართ, თანაც, უკვე ყურძენი შემოვიდა. რამდენიმე პარტია ექსპორტზე უკვე გავაგზავნეთ და თუ შეკვეთები გვექნება, კიდევ გავაგზავნით. ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში ხელმისაწვდომი კრედიტები უნდა არსებობდეს, რაც შეიძლება მეტ თანხაზე უნდა ჰქონდეთ წვდომა ფერმერსაც და ექსპორტიორსაც და ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდება – ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს“ – აღნიშნა ვახო ბეჟიტაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

წყარო: commersant

საქართველოს მასშტაბით, წელს 60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

0

საქართველოს მასშტაბით, წელს 60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბათუმში განაცხადა.

ბათუმი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს სახელწოდებით „ციტრუსის ექსპორტი 2017“. ფორუმის მიზანი ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობა და ამ მიზნით კონკრეტული ექსპორტიორი კომპანიების დაინტერესების გაზრდაა. 

„ველოდებით დაახლოებით იგივე მოსავალს, რაც გვქონდა გასულ წელს. საუბარია 60 ათას ტონა მანდარინის მოსავალზე საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობთ, კარგი მოსავალია. თუ კლიმატი ხელს შეგვიწყობს, გვექნება ხარისხიანი მოსავალი, რაც არის იმის პირობა, რომ ფერმერები ხელსაყრელ პირობებში მოახდენენ პროდუქციის რეალიზებას. 

ასევე აჭარის სოფლის მეორნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გადამამუშავებელი საწარმოებისთვის არის ხელშემწყობი პროგრამები და, შესაბამისად, არასტანდარტული მანდარინის დაბინავების პრობლემასაც არ ველოდებით“ – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ბათუმს სტუმრობენ ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ლიტვიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. ციტრუსის ექსპორტისთვის პრიორიტეტული წელს სწორედ ეს მიმართულებები იქნება.

ფორუმის დასკვნით ნაწილში გაიმართება შემაჯამებელი დისკუსია, ადგილობრივ ციტრუსის დამამზადებლებსა და ექსპორტიორებს საშუალება ექნებათ, კომპეტენტური ორგანიზაციებიდან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, ადგილზე გაესაუბრონ ერთმანეთს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, ადგილზევე გააფორმონ ხელშეკრულებები. 

აჭარაში უკვე დაიწყო საადრეო ჯიშის მანდარინის დაკრეფა. ციტრუსის სეზონი კი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.

წყარო: commersant