რატომ გადაწყვიტეს მოცვის მწარმოებლებმა პროდუქტის ევროკავშირის ნაცვლად რუსეთში გატანა

0
29

მოცვის მწარმოებელმა ოთხმა ქართულმა კომპანიამ საკუთარი მოსავალი ევროკავშირის ნაცვლად, რუსეთის ბაზარზე გაიტანა. საუბარია კომპანიებზე: „ლურჯი ველი“, „მოცვი“, “ჯეობერი“, „ქართული მოცვი“, ისინი ამხანაგობის ფარგლებში ერთად საქმიანობენ და რამდენიმე თვის წინ Global G.A.P-ის სერთიფიკატიც მიიღეს. აღნიშნული დოკუმენტი დასტურია, რომ პროდუქტი ყველა უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ქართული მოცვის მისაღებად ევროკავშირი მზად არის. თუმცა, როგორც კომპანია „მოცვის“დამფუძნებელი ზვიად მირიანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე რუსეთმა მწარმოებლებს უკეთესი პირობები შესთავაზა.

აპირებენ თუ არა ქართული კომპანიები სამომავლოდ რუსეთის ბაზარზე გადასვლას, ზვიად მირიანაშვილი ამბობს, რომ არა. მისი თქმით, ქართული მოცვისთვის ყველა ქვეყნის კარი ღიაა და საიდანაც უკეთეს შეთავაზებას მიიღებენ, მასთან ითანამშრომლებენ.

„მიმდინარე თვეში მოსავალი უკვე ავიღეთ და ექსპორტზეც გავიტანეთ. თავიდან, საცდელად გავაგზავნეთ იტალიაში და გერმანიაში, თუმცა საბოლოოდ მთლიანი პარტია (დაახლოებით, 60-65 ტონა ) რუსეთში გავიტანეთ. როგორც იცით, ჩვენ ყველა საჭირო სერთიფიკატი გვაქვს და სატესტო ნიმუშების გაგზავნით დავადასტურეთ, რომ ჩვენი მოსავალი არის ხარისხიანი და სრულიად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთიდან უკეთესი ბიზნეს წინადადებები მივიღეთ.

რაც შეეხება სამომავლო პარტნიორობას, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ მხოლოდ რუსეთის ბაზართან ვითანამშრომლოთ. ჩვენ მომავალ წელსაც ვიქნებით მზად როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ ქვეყნების ბაზრისთვის. შესაბამისად, ვინც უკეთეს წინადადებას შემოგვთავაზებს, მასთან ვითანამშრომლებთ. თუ რუსეთის ბაზარი დაიხურება, ჩვენთვის არც ეს იქნება პრობლემა, გაყიდვების ალტერნატიული არხი ბევრი გვაქვს“,- აცხადებს ზვიად მირიანაშვილი.

წყარო:bpn.ge 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here