რამდენი ფერმერი დააზარალა კორონაპანდემიამ და როგორ დაიხარჯება სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად გამოყოფილი 300 მილიონი

0
25

ფერმერთა ასოციაციების რა რეკომენდაციები გაითვალისწინა და ეფექტურია თუ არა მთავრობის პროგრამა

დღეიდან, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ამოქმედდება. ამ გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დასახმარებლად, მთავრობამ 300 მილიონი ლარი გამოყო. სხვადასხვა სახის დახმარებას, მთლიანობაში, 200 000-მდე ფერმერი მიიღებს. მეოთხედიდან ათ ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურებას დაუსუბსიდირებს, ჰექტარ მიწაზე კი დახმარება 200 ლარით განისაზღვრება. რაც მთავარია, თითოეული ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რაც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი იქნება. 

სპეციალისტების განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაში ფერმერთა ასოციაციების რეკომენდაციების უმრავლესობა გაითვალისწინა, თუმცა კრიზისი, რაც კორონავირუსმა გამოიწვია, ტურიზმის გარდა, აგროსექტორსაც შეეხო, რასაც ლარის კურსის გაუფასურება და გასაღების ბაზრების პრობლემაც დაერთო. 

ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. 

როგორ გაუმკლავდება ამ გამოწვევებს აგროსექტორი ანტიკრიზისული გეგმის ფონზე, რამდენად ეფექტურია გახარიას პროგრამა და ფერმერთა ასოციაციების რა რეკომენდაციები გაითვალისწინა პრემიერმა? _ ამ თემებზე ,,ვერსია’‘ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეს ესაუბრა.

_ ნინო, რამდენად დაეხმარება ფერმერებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის შეიქმნა? 

_ ფერმერთა ასოციაციაში ჩავატარეთ კვლევა _ ,,COVID-19’‘-ის გავლენა სოფლის მეურნეობაზე და ყველა ის მოთხოვნა, რაც ფერმერებს ჰქონდათ, ანტიკრიზისულ გეგმაში სრულადაა გათვალისწინებული. 

პირადად მე, იმ ადამიანების გუნდს მივეკუთვნები, რომელიც სუბსიდიისა და ვაუჩერიზაციის წინააღმდეგია, რადგან ეს ეკონომიკისთვის კარგი არ არის, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში, მნიშვნელოვანი იყო ფერმერთა ასეთი მხარდაჭერა, რადგან ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა მათთვის შეზღუდულია. 

მნიშვნელოვანია, რომ 200-ლარიანი ვაუჩერი, რასაც ეს გეგმა ითვალისწინებს, თანხა კი არა, ქულებია, რაც ფერმერს ლიბერთი ბანკის ბარათზე დაერიცხება. შესაბამისად, მას შეუძლია, ეს ქულები აგრომაღაზიაში, მისთვის სასურველი ნივთების, თუნდაც შხამ-ქიმიკატების შესაძენად გადაცვალოს. 

რაც შეეხება დიზელის საწვავს, მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის სახელმწიფო სუბსიდია. ესაა სახელმწიფოს მიერ, კერძო კომპანიისთვის მიცემული ბაზარი ანუ ბიზნესის კეთილი ნება, რათა ფერმერებმა დიზელის საწვავი ფასდაკლებით შეიძინონ, რაც ძალიან დიდი შეღავათია. 

_ ესე იგი, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას პოზიტიურად აფასებთ? 

_ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს კვლევაშიც იყო, თუ რას უნდა პასუხობდეს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები. 

მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებაზე დაიწყეს ფიქრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასურსათო უსაფრთხოებაზე ფიქრმა სხვადასხვა ქვეყანას მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ შეამცირონ ექსპორტი, საერთოდ აკრძალონ, ან გარკვეული კვოტები დააწესონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენნაირი ქვეყნებისთვის იმპორტი შეიზღუდება. არადა, ჩვენი ქვეყანა, დაახლოებით, 70%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ რეალურად, სასურსათო დეფიციტის საფრთხე დადგება. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ამ პრობლემას 100%-ით ვერ მოაგვარებს, მაგრამ ნამდვილად, წინგადადგმული ნაბიჯია. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ გეგმის ფარგლებში, მიწების რეგისტრაცია წახალისდება იმ ფერმერებისთვის, რომლებიც მიწას არ არეგისტრირებენ. თუ თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვსაუბრობთ, მოსახლეობის 47%, მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) მხოლოდ 9%-ს არ უნდა ქმნიდეს. 

რაც მთავარია, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ფერმერი, რომელიც რეგისტრირებულია, მხარდაჭერილია სახელმწიფოსგან. არ არსებობს ქვეყანა, სადაც სოფლის მეურნეობაა განვითარებული, იქ სახელმწიფო ინტერვენცია არ ხდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, ისინი რეგისტრირებულნი არიან და შესაბამისად, ვალდებულნიც, რომ ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ. 

გარდა ამისა, სტატისტიკის ცენტრებს სავალდებულო ინფორმაციასაც აწვდიან იმის შესახებ, რომელი ფერმერი რას აწარმოებს. ჩვენს ქვეყანაში ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. ,,COVID-19’‘-მა ბევრი ფერმერი დააზარალა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია რომ მომთხოვოთ, რამდენი ფერმერი დაზარალდა, ან რა სახის ზარალი მიიღო, ვერ მოგცემთ, რადგან შესაბამისი ბაზა არ არსებობს. 

ერთადერთი, რაზეც გული მწყდება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის გათვალისწინებული ამ გეგმაში, ესაა საგადასახადო შეღავათი საშემოსავლო კუთხით. იცით, რომ პირი, რომელიც დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობაში და რომლის წლიური ბრუნვა 200 000 ლარამდე იყო, ოღონდ ეს მხოლოდ პირველად წარმოებას ეხებოდა და არა _ გადამამუშავებელს, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრებოდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო, პირი ჩანაცვლდა ფიზიკური პირით. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ამსხვილებდეს და კოოპერაციას უწყობდეს ხელს, ასეთი ბიუროკრატიული ჩანაწერით, ფერმერების ფრაგმენტიზაციას უწყობს ხელს. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არამცთუ ზღვარი დაწესდეს საშემოსავლო გადასახადის პირველადი წარმოების კუთხით, არამედ, საერთოდ მოიხსნას. იმედი მაქვს, ჩვენს ამ თხოვნას გაითვალისწინებენ. 

ამავდროულად, მნიშვნელოვანია დეფინიციაც, რადგან ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ფერმერი და საკანონმდებლო მიმართულებით ამაზე ბევრია სამუშაო. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთწლიანი კულტურების ხელშეწყობის პროგრამაში, დიდი როლი დაიკავოს ხორბალმა, რადგან დაახლოებით, 70%-ით, რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე ვართ დამოკიდებულნი. 

ვნახეთ, რომ ხორბალზე რუსეთმა კვოტა დააწესა და ყველაზე კრიზისულ სიტუაციაში, ზუსტად იგივე ბერკეტი გამოიყენა, რასაც ყოველთვის იყენებდა, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. რომ არა ამერიკის შეეერთებული შტატები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიქნებოდით. 

მთლიანობაში, ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოკლევადიანია, ძალიან კარგი ინექციაა. მართალია, ბევრ ფერმერს გული ეტკინა, რადგან ამ გეგმაში ბევრი ლაფსუსი გაიპარა, მაგრამ ამ ეტაპზე, მოკლევადიანი პერსპექტივით, კარგია. 

_ რამდენად შესაძლებელია, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის საშუალებით, ნელ-ნელა, სასურსათო ბაზარი იმპორტზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს, რადგან ამ კრიზისშიც კი, როდესაც დედაქალაქში, რამდენიმე დღით, სურსათის დეფიციტი დაფიქსირდა, მარნეულსა და ბოლნისში ფერმერებს ბოსტნეული გაუფუჭდათ. 

_ როდესაც ჩვენ თავისუფალი, საბაზრო ეკონომიკა გვაქვს, ერთ და ორ წელიწადში, იმპორტი 100%-ით ვერ ჩანაცვლდება. ეს იმიტომ, რომ ისიც კი არ ვიცით, მიწის რა ფართობებია კერძო და რა _ სახელმწიფო საკუთრებაში. როდესაც ამბიცია უნდა გვქონდეს, რომ საკუთარი, თვითკმარი პროდუქცია ვაწარმოოთ, მაშინ ევროპული მოდელი უნდა გადმოვიტანოთ, რაც ფერმერების გაერთიანებისკენაა მიმართული. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რაც მენტალურად, ძალიან რთულად გადავიტანეთ, რადგან კოოპერატივები, მაინც კოლმეურნეობებთან და საბჭოთა კავშირთან ასოცირდება. დღეს, იმპორტის სრულად ჩანაცვლება, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ქვეყანაში დანაწევრებულია მიწები, მოსახლეობის 47%-ს, საშუალოდ, 1.25 ჰა აქვს და ასობით ფერმერია, რომელიც 5 ჰა-სა და ცოტა მეტს ფლობს.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მოსავლის აღების შემდგომ მენეჯმენტს უწყობს ხელს და რომლითაც მთელი მსოფლიო ვითარდება _ მოსავალს იღებენ, შემნახველ მეურნეობებში ინახავენ პროდუქციას, რაც მთელი წელიწადი ჰყოფნით. ჩვენთან რა ხდება? _ იმიტომ, რომ ფერმერს არ აქვს ფინანსური კაპიტალი, არ აქვს შემნახველი მეურნეობები, მოსავლის აღების პერიოდში, პროდუქციას მთლიანად ყიდის და როდესაც დეფიციტზე ვდგებით, ეს პროდუქტი აღარ გვაქვს. მაგალითად, სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი კარტოფილის წარმოებითაა ცნობილი, მოსავლის აღების დროს, ფერმერები სრულად ყიდიან კარტოფილს და ძალიან ცოტას ინახავენ საკუთარ სარდაფებში. სხვათა შორის, პროდუქტის გაფუჭების კოეფიციენტი მაღალია და იმიტომაა ადგილობრივი პროდუქცია ძვირი, ვიდრე იმპორტირებული. ჩვენს ქვეყანაში, მასშტაბის ეკონომია არ არსებობს, რადგან ჰექტრული მოსავალი დაბალია, გარდა ამისა, მეზობელი ქვეყნებიდან ყიდულობენ ჩვენს წარმოებულ პროდუქციას და როდესაც ქვეყანა გადადის დეფიციტზე, შესაძლოა, იგივე ჩვენი პროდუქტი, სამმაგ ფასში ვიყიდოთ შემდეგ. 

ეს მოკლევადიანი გეგმა კარგია, მაგრამ შუალედური და გრძელვადიანი გეგმები უნდა იყოს თანმიმდევრული, ამიტომ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ იმპორტის ჩანაცვლება. კარგი ის არის, რომ გინდა, თუ არა, იწყებ ფიქრს სასურსათო უსაფრთხოებაზე. 

_ პრემიერ-მინისტრმა ახალ შესაძლებლობად ტურიზმის აღორძინება განიხილა, რაც კორონაკრიზისის დროს, ყველაზე მეტად დაზიანდა. აგროტურიზმის განვითარების რა პოტენციალი გვაქვს ანუ საერთო კონტექსტში როგორ უნდა ჩაჯდეს? მაგალითად, ,,ხვანჭკარას’‘ დასაგემოვნებლად, უცხოელი ტურისტები _ რაჭაში, ხოლო ქვევრის, ან ტანიანი ღვინის დასაგემოვნებლად _ კახეთში უნდა წავიყვანოთ, მხოლოდ ესაა აგროტურიზმი? 

_ მგონია, რომ აბსოლუტურად სწორად ხედავთ, რა არის აგროტურიზმი, თუმცა მისი პოტენციალი სულ სხვაა და ახლავე აგიხსნით: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან რომ ამოიღოთ ინფორმაცია, ყოველდღე, სხვადასხვა ქვეყანაში, დაახლოებით, 70 მილიონი კაცი გადაადგილდება, აქედან დაახლოებით, 2/3 _ აგროტურიზმზე მოდის. თუმცა აგროტურიზმი მხოლოდ ადგილწარმოშობის პროდუქტი არ არის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ მაგალითად, ,,ოჯალეში’‘ _ ოჯალეშში უნდა მიირთვათ, არა, აგროტურიზმი რეგიონის გაძლიერების შესაძლებლობაა. დღეს, ჩვენ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და უმაღლესი დონის მომსახურება აღარ გვიკვირს, მყუდრო გარემოში ყოფნა გვირჩევნია. გვინდა, რომ კონკრეტული რეგიონის სიძველეებს, ოჯახურ სითბოს გავეცნოთ, რაც დღევანდელ მსოფლიოს ნამდვილად აკლია. 

აგროტურიზმის განვითარების ყველაზე კარგი მაგალითია იტალია, უფრო ზუსტად, ტოსკანა, სადაც აგროტურიზმმა მთელი რეგიონი განავითარა. ეს ძალიან დიდი პოტენციალია, განსაკუთრებით გლობალიზაციისა და ინტერნეტიზაციის პირობებში, როდესაც არავითარი ბარიერი არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითი: ჩემმა მეგობარმა, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, ადრე დამირეკა და მითხრა, რომ მოვდივარ ქვემო ქართლში, დაშბაშის კანიონი უნდა ვნახოო. ამიტომაც ვამბობ, რომ აგროტურიზმი მხოლოდ ტურიზმს კი არა, მთელ რეგიონს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასა და სერვისებსაც ანვითარებს. ბევრი ტურისტი რომ ჩადის რეგიონში, შესაძლოა, ვიღაცამ ინტერნეტ-კაფე გახსნას, ვიღაცამ _ სილამაზის სალონი, ვიღაცამ _ თონე. ვფიქრობ, ტურიზმი არის ის დარგი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასაც უწყობს ხელს. მაგალითად, შარშან, იმის გამო, რომ დიდი ტურისტული ნაკადი იყო, რაც ჰქონდათ ფერმერებს წარმოებული, ყველაფერი გაყიდეს. სხვათა შორის, წელსაც დიდი მოლოდნი გვქონდა ამ მხრივ და მზაობაც იყო, მაგრამ კორონავირუსმა შეგვიშალა ხელი. 

აგრარულ კომიტეტში შევიტანეთ კანონპროექტი აგრო და ეკოტურიზმის შესახებ, რადგან მათი დიფერენცირება და დეფინიცია გვინდა. უნდა განვსაზღვროთ, რა არის ზოგადად, აგროტურიზმი. ვფიქრობ, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, სახელმწიფოს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, საშუალებას მოგვცემს, რომ ეკონომიკა, რომელიც კორონავირუსის გამო, დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ძალიან სწრაფად ჩავაყენოთ კალაპოტში. 

* * * 

ორგანიზაცია ,,მომავლის ფერმერის’‘ დამფუძნებელი, რუსუდან გიგაშვილი ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აცხადებს, რომ მართალია, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაში გახარიას მთავრობამ ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები სრულად ვერ გაითვალისწინა, მაგრამ ამ ეტაპზე, კრიტიკულად მაინც არ შეაფასებს. მეტიც, რუსუდან გიგაშვილის თქმით, შეცდომებისგან დიდი და განვითარებული ქვეყნების მთავრობებიც კი არ ყოფილან დაზღვეულნი, რომლებმაც საკუთარ ქვეყნებში, მსგავსი პროგრამები წარადგინეს: 

,,მაგალითად, აშშ-ის მთავრობამ ისეთი სოციალური პაკეტი წარადგინა, რომ ექსპერტების დიდი კრიტიკა დაიმსახურა. COVID-19-ის პირობებში, როდესაც ხალხმა იხუვლა და სოფლებში გაცვივდნენ, როდესაც მცირე ბიზნესები გაჩერდნენ და საკმაოდ მწვავე ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი, როდესაც კონკრეტული ადამიანების გადარჩენა და გამოკვებაა მთავარი, ამ გეგმას კრიტიკულად ვერ შევაფასებ. ამ 300 მილიონი ლარიდან, 90 მილიონი ლარი _ სუფთა სოციალური დახმარებაა, რაც ამ გეგმის პირველ სამ კომპონენტს მოიცავს. ვგულისხმობ პირდაპირ ვაუჩერებს, საწვავსა და საბრუნავ თანხას, რათა ფერმერი დაკმაყოფილდეს. დღეს, როდესაც მწვავე ეკონომიკური კრიზისია და ხალხს სოფლად, უბრალოდ, ფული არ აქვს, რათა მუშა-ხელი აიყვანოს, ან თუნდაც საწვავი შეიძინოს, ამ ტიპის სოციალური დახმარება კონტექსტიდან ამოვარდნილი არაა. 

სხვა საკითხია, რა ეკონომიკური ეფექტი მოჰყვება ამ გეგმას? _ არაფერი. როგორც კომუნალური გადასახადები დაგვიფარა სახელმწიფომ და მათ შორის, ისეთებსაც, რომლებსაც საერთოდ არ სჭირდებოდა დახმარება, ისეა, ეს გეგმაც. იგივე, ამერიკის მაგალითზე გეტყვით, რომ ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ სუბსიდია მიიღო შეცდომით, რადგან გარკვეულ კრიტერიუმებში ჩაჯდა. შესაბამისად, ამ ტიპის ლაფსუსები, ამ შემთხვევაშიც იქნება, რადგან შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა’‘. 

ნინო ზამბახიძის მსგავსად, რუსუდან გიგაშვილიც თვლის, რომ მიწა, როგორც კაპიტალი, საქართველოში ჯერ შეფასებული არ არის და ზოგადად, მიწის რეგისტრაცია საკმაოდ მწვავე პრობლემაა ქვეყანაში. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ამ პრობლემას სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს: 

,,ამ პროგრამით, მიწების რეგისტრაცია დაიწყება, მაგრამ საკმაოდ მტკივნეული პროცესი გვექნება გასავლელი და შესაძლოა, დიდი ოდენობის თანხაც დავხარჯოთ, რომ როგორმე, მოქნილი ბაზა მივიღოთ. კარგია, რომ ფერმერების ამ სოციალურ დახმარებას მიწების რეგისტრაციაც მიება, რადგან აქამდე, სრული ქაოსი გვქონდა. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფერმერები, რომლებსაც მიწები იჯარით აქვთ აღებული, დახმარებას ვერ მიიღებენ და ცხადია, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ. ზოგადად, ფერმერები ითხოვდნენ და ეს მოთხოვნა ახლაც ძალაში რჩება, რომ თუ ირიგაციის გადასახადისგან გათავისუფლდნენ, მიწის გადასახადისგან რატომ არ თავისუფლდებიან? მაგალითად, წყალი ყველგან ხელმისაწვდომი არ არის საქართველოში და მოსახლეობის დიდი პროცენტი წყლის რესურსით ვერ სარგებლობს, სამაგიეროდ, მიწის გადასახადი ყველას უწევს. ამასთან, მიწის გადასახადი მკაფიოდ დასაბუთებული და კლასტერიზებული არ არის ანუ კარგი, ნოყიერი მიწა მაქვს, თუ რიყე, მნიშვნელობა არ აქვს, ერთ ფასს ვიხდი, რაც უთანასწორობის შეგრძნებას იწვევს’‘. 

წყარო:versia.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here