კაკლოვნებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, ქართველი მწარმოებლები EBRD-ის ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით დარგის კომერციალიზაციას განიხილავენ

0
14

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ქართველ მწარმოებლებს კაკლოვნების წარმოების ზრდაში, მოდერნიზაციასა და საექსპორტო შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან აცნობეს, კაკლოვნებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, ქართველი მწარმოებლები EBRD-ის ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით დარგის კომერციალიზაციას განიხილავენ: საქართველოს კლიმატი იდეალურია ნუშის, კაკლის, ფსტის და თხილის წარმოებისთვის, საერთაშორისო კონფერენცია ხაზს უსვამს გლობალურ ტენდენციებს და კომერციულ შესაძლებლობებს საქართველოში კაკლოვანი კულტურების გაშენებისათვის, სექტორის ექსპერტებმა მწარმოებლებს გაუზიარეს გამოცდილება ოპტიმალური წარმოებისა და მარკეტინგისათვის.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს იდეალური კლიმატი და უხვი წყლის რესურსი გააჩნია ნუშის, კაკლის, ფსტას და თხილის წარმოებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ თხილის წარმოება საქართველოში კარგად არის განვითარებული – საქართველო თხილის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია – ქვეყანა კაკლის, ფსტას და ნუშის იმპორტიორად კვლავ რჩება.

მათივე ცნობით, ევროკავშირთან საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) სარგებლის სრულად გამოყენების მიზნით, ქვეყანას საკუთარი მწარმოებლების შესაძლებლობების გაზრდა სჭირდება შიდა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობისათვის.

„დღეს, თბილისში 150–მდე მწარმოებელი და ინდუსტრიის ექსპერტი შეიკრიბა ერთდღიან კონფერენციაზე, სახელწოდებით “კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი”, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიება კაკლოვნების გლობალურ ტენდენციებს, საქართველოში კაკლოვანი კულტურების სექტორის ამჟამინდელ მდგომარეობას და ზრდის შესაძლებლობებს ეხებოდა. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოსთვის საექსპორტო შემოსავლების პოტენციური ახალი წყაროების და კომერციული წარმოების გზების ჩვენება.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტებმა თხილის, ნუშის და ფსტის მწარმოებლებისთვის თანამედროვე წარმოებისა და დამუშავების ტექნოლოგიებს შესახებ ორი პარალელური ტრენინგიც ჩაატარეს.

კაკლოვნებზე მსოფლიოში დიდი და მზარდი მოთხოვნაა. მათი ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე უმეტესი ხილისა და ბოსტნეულის, ეს პროდუქტი საჭიროებს ნაკლებ შრომას თითო ჰექტარზე და ნაკლებად მალფუჭებადია. თუმცა, სათანადო შენახვის გარეშე, პროდუქტის გაფუჭების საშიშროება მაინც არსებობს.

ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანმა ექსპერტებმა დამსწრეებს ტექნიკური ცოდნა გაუზიარეს ნუშის, ფისტას, კაკლისა და თხილის ბაღების მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შესახებ და ამასთანავე, განიხილეს ამგვარი ოპერაციების ეკონომიკური ასპექტები.

კონფერენცია და ტრენინგები ნაწილია EBRD-სა და FAO-ს რეგიონული ინიციატივის, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებს საქართველოში, მოლდოვაში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ მაღალ შემოსავლიან ბაზრებზე. საქართველოში ინიციატივა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს.

ამ დრომდე პროექტის ქვეყნებში ჩატარდა 20-ზე მეტი ბაზარზე ორიენტირებული კონფერენცია და პრაქტიკული ღონისძიებება, რასაც მოყვა თანამედროვე ხილის წარმოების ტექნოლოგიებისთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის სურვილი.

ეს ინიციატივა ეხმაურება საქართველოს მთავრობის პროგრამას “დარგე მომავალი”, რომელიც ხელს უწყობს კაკლისა და ნუშის ბაღების გაშენებას. პროექტი, ასევე, მხარს უჭერს პლატფორმას East-fruit.com, რომელიც მწარმოებლებს და ტრეიდერებს ყოველდღიურად მაღალხარისხიან საბაზრო ინფორმაციას აწვდის, რათა მათ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. პლატფორმას ყოველთვიურად უკვე დაახლოებით 50,000 მომხმარებელი ჰყავს.

EBRD/FAO ინიციატივა, ასევე, ეხმარება მწარმოებლებს სავაჭრო კონტაქტების დამყარებაში ტელეგრამის მესინჯერზე დაფუძნებული east-fruit პლატფორმების მეშვეობით. დღეისთვის პლატფორმებში გაერთიანებულია 2,700 ფერმერი, იმპორტიორი და ექსპორტიორი 22 ქვეყანიდან. მომდევნო ღონისძიება კაკლოვან კულტურებზე EBRD-სა და FAO-ს ორგანიზებით იგეგმება ტაჯიკეთში 8 ოქტომბერს.

წლების განმავლობაში, EBRD-მ საქართველოში აგრობიზნესის სექტორის გასაძლიერებლად 262 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო:ipn.ge 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here