Home Blog

ფქვილის ფასი, ერთ ტომარაზე, შესაძლოა, 2 ლარით გაიზარდოს

0

ფქვილის ფასი, ერთ ტომარაზე, შესაძლოა, 2 ლარით გაიზარდოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ფასის შესაძლო ცვლილება დოლარის მატებას უკავშირდება.

„ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პერიოდულად პრობლემა შეიქმნა, ვინაიდან ხორბლის იმპორტი ჩვენთან დოლარზე ხორციელდება. ფქვილის ფასი დღესდღეობით დოლართან მიმართებაში 2,75-2,80 კურსზეა გაანგარიშებული. აქედან გამომდინარე, დღეს არის სიტუაცია, როდესაც დოლარი თუ არ დასტაბილურდა, ფასები უნდა გადაიხედოს, თუმცა ამ დროისთვის დრამატულ ცვლილებებს არ ველოდებით. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება საშუალოდ 48 ლარია, შესაბამისად, თუ ჩვენ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ფასს მოვუმატებთ, ეს, დაახლოებით, 2 ლარიანი მატება იქნება და ფასი 50 ლარზე ავა“, -აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი წინა პერიოდებთან შედარებით დაკლებულია.

წყარო:ipn.ge 

კვერცხი და ქათამი შესაძლოა, 5%-ით გაძვირდეს

0

კვერცხი და ქათამი შესაძლოა, 5%-ით გაძვირდეს.

ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროდუქტზე ფასი იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ლარის კურსის რყევები გაგრძელდება და ნიშნული არ დასტაბილურდება.

„ლარის კურსის რყევები და ეროვნული ვალუტის გაუფასურება კატასტროფულად მოქმედებს მეფრინველეობის დარგზე. თვითონ ფრინველი ერთდღიანი სანაშენე წიწილით უცხოეთიდან შემოდის და იძულებული ვართ, აბსოლუტურად ყველა კომპონენტი – ეს იქნება ზეთი, მზესუმზირის შროტი, სოიოს შროტი, ვიყიდოთ უცხოური და ეს ყველაფერი უცხოურ ვალუტაზეა მიბმული. შესაბამისად, ლარი ჩვენი ბიზნესისთვის ერთ-ერთი ცუდად შემაფერხებელი ფაქტორია. ჩათვალეთ, რომ მეფრინველეობას ფაქტობრივად, მოგება საერთოდ არ აქვს. სწორედ ამიტომაც არის, რომ დარგის განვითარება წლებია ადგილს ტკეპნის და არ ხდება, იმიტომ რომ ბოლოში ინტერესი არ არის. ჩვენ თუ ახლა არ გავაძვირეთ პროდუქცია, ფაქტობრივად მოგება არა გვაქვს. ნებისმიერი წარმოების აზრი მითხარით თუ ის მოგებაზე არ მუშაობს. სულ ყველაფერი იმპორტირებულია, მარცვლეული უკვე გაძვირებულია, ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვიძვირებია და ყველაფერს ვაკეთებთ რომ არ გავაძვიროთ პროდუქცია, მაგრამ თუ ნიშნული არ დასტაბილურდა და 2.80 მაინც არ დაჯდა, გაძვირება გარდაუვალია და ქათამი და კვერცხი მინიმუმ 5%-ით მაინც გაძვირდება,“-განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

წყარო:bpn.ge 

კახური ზეთი კალიფორნიაში გაიყიდება

0

ნატურალური კახური ზეთი სახელწოდებით – „თი ემ თი“ კალიფორნიის ბაზარზე შევიდა, – როგორც BM.GE-ის კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა, 1000 ბოთლამდე ტრადიციული მეთოდით დამზადებული კახური ზეთის საცდელი პარტია უკვე ამერიკაშია გაგზავნილი და ის დაახლოებით, ორ კვირაში კალიფორნიაში გაიყიდება. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, 1 ლიტრი ზეთის ღირებულება 1.60 დოლარი იქნება.

უჩუმბეგაშვილის თქმით, „თი ემ თი“ კახური ზეთის მეორე ხაზია და მან პირველი ხაზი სახელწოდებით – „მიხო პაპა“ ექსპორტზე კალიფორნიასთან ერთად ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაიტანა. ორივე ხაზს ერთი და იგივე მწარმოებელი ჰყავს – შპს „სიღნაღი“.

„ამერიკის ბაზარზე ორ თვეში ერთხელ 1 500 ბოთლ ზეთს ვაგზავნით, ძირითადად ქართულ და რუსულ მაღაზიებს ვამარაგებთ. ასევე ამერიკის გარდა, პროდუქცია ამჟამად „თი ემ თი“-ს სახელით ისრაელში, ჩეხეთსა და გერმანიაში გადის”, – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

„თი ემ თი“ ზეთის გარდა საკონსერვო წარმოებაც აქვს, რომელიც ისრაელის, ჩეხეთის, ამერიკის და გერმანიის ბაზარზე გადის. შემოდგომაზე ის ექსპორტზე ჯემების, მურაბების, კომპოტების და სუნელების დიდი რაოდენობით გატანას გეგმავს.

მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში „თი ემ თი“ ზეთის და საკონსერვო პროდუქციის საწარმოს სიღნაღიდან კასპში გადმოტანა იგეგმება.

წყარო:commersant.ge 

„დიპლომატ ჰოლდინგი“-: 1 აგვისტოდან დისტრიბუტორების დიდი ნაწილი ფასებს 10%-ით გაზრდის

0

1 აგვისტოდან დისტრიბუტორების დიდი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციას 10%-ით გააძვირებს, – ამის შესახებ bm.ge-ის სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი შენგელიამ განუცხადა.

მისი თქმით, იყო მოლოდინი, რომ ლარის კურსი სტაბილურ ნიშნულამდე გაჩერდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის მკვეთრმა გაუფასურებამ დღის წესრიგში დააყენა ფასების კორექტირება.

„თუ კურსი 2,85 ნიშნულამდე შენარჩუნდებოდა, სადისტრიბუციო ბიზნესი შეძლებდა ფასების შენარჩუნებას, თუმცა 1 დოლარის ღირებულება თითქმის 3 ლარს გაუტოლდა, შესაბამისად, ფასების უცვლელად შენარჩუნება ვეღარ ხერხდება, რადგან დისტრიბუტორები სერიოზულ ზარალს განიცდიან“, – აცხადებს დიმიტრი შენგელია.
მისი თქმით, ყოველ მილიონ ლარზე ბიზნესი 100 000 ლარით ზარალობს მაშინ, როცა დისტრიბუტორების ბრუნვები მილიონობით ლარია.

შენგელიას ინფორმაციით, 1 აგვისტოდან ფასების 10%-ით გაზრდას თითქმის ყველა სადისტრიბუციო კომპანია გეგმავს.

„ვფიქრობ, სასწრაფოდ, უნდა ჩაერიოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის დასტაბილურებაში. თუ 1 დოლარის ღირებულება 3 ლარს გასცდა, მივიღებთ ვაჭრობის პრაქტიკულად გაჩერებას. ფასების ასეთ მატებს ვერც მომხმარებელი აიტანს და ვერც – თავად ბიზნესი“, – აცხადებს დიმიტრი შენგელია.

წყარო:commersant.ge 

ქართულ ბაზარზე ყვითელი საზამთრო გამოჩნდა

0

ქართულ ბაზარზე ყვითელი საზამთრო გამოჩნდა.

პროდუქტს ლაგოდეხში, კერძოდ, სოფელ ლელიანში დავით ჭუმბურიძე აწარმოებს და მისი ღირებულება 3 ლარია (1 კგ). როგორც ყვითელი საზამთროს მწარმოებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია, სამომავლოდ წარმოებას აუცილებლად გაზრდის.

დავით ჭუმბურიძის ინფორმაცით, ის ამ ეტაპზე ერთადერთი მწარმოებელია, რომელმაც პროდუქტი ქართულ ბაზარში შეიტანა და უკვე რამდენიმე მაღაზიასაც ამარაგებს.

ცნობისთვის, ყვითელი საზამთრო გარეგნულად ისეთივეა, როგორ წითელი, შიგნით კი ღია ყვითელი ფერისაა. ამასთან, პროდუქტი გაცილებით ნაკლებ კურკას შეიცავს, ვიდრე წითელი ფერის საზამთრო.

როგორც ცნობილია, ზაფხულობით იგი ესპანეთში მოჰყავთ, ხოლო ზამთარში ტაილანდში. ამასთან, საზამთროს შეჯვარებული ჯიშები რუსეთში და უკრაინაშიც გვხვდება.

„ლაგოდეხის სოფელ ლელიანში 80 ძირი ყვითელი საზამთროს წარმოება, წელს დავიწყე. თესლი მეგობარმა მომცა, თუ არ ვცდები, ტაილანდიდან არის ჩამოტანილი. კომპანია არ მაქვს, ვარ იდივიდუალური მეწარმე, ამიტომ ბაზარშიც და რამდენიმე მაღაზიაშიც მე თვითონ შემაქვს. ყვითელი საზამთროს მოყვანა-რეალიზაციით ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვარ დაკავებული.

პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია. ტურისტები პირდაპირ მოდიან და ყიდულობენ, ქართველებში უფრო გაკვირვებას იწვევს, მაგრამ ინტერესის გამო მაინც ყიდულობენ. სხვათაშორის, ძალიან გემრიელია და რაც მთავრია, სასუქის გარეშე მოდის“,-აცხადებს დავით ჭუმბურიძე.

როგორც ფერმერი ამბობს, ყვითელი საზამთრო ტროპიკული ხილის კატეგორიაში გადის და მოთხოვნიდან გამომდინარე, დაინტერესებულია, რომ სამომავლოდ სხვა მსგავსი სახეობის პროდუქტებიც აწარმოოს.

წყარო:bpn.ge 

ბოსტნეული, რომელსაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს

0

საქართველოში იმპორტირებული ბოსტნეულის რაოდენობა შემცირდა.

„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 21 112 100 დოლარის ბოსტნეული შემოვიდა, მაშინ როდესაც 2018 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 26 424 700 დოლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ ბოსტნეულის 5 სახეობას, რომელსაც საქართველო ყველაზე ბევრს ყიდულობს.

2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით, თავიანი ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული იყიდა, რომლის იმპორტმაც 5 510 100 დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზე 3 932 200 დოლარით ახალი ან შეყინული სხვა ბოსტნეული გავიდა.

მესამე ადგილზე კი ახალი ან შეყინული პომიდორია, რომლის იმპორტმაც 3 870 600 დოლარი შეადგინა.

მეოთხე ადგილი 2 110 600 დოლარით ახალ და შეყინულ კიტრსა და კორნიშონს უკავია.

ხუთეულს ამთავრებს ახალი ან შეყინული კარტოფილი, რომლის იმპორტმაც 2 002 000 დოლარი შეადგინა.

2018 წლის იანვარ-მაისის ბოსტნეულის ხუთეული კი ასე გამოიყურება:

ახალი ან შეყინული პომიდორი – 6 444 300 დოლარი

თავიანი ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული – 5 117 100 დოლარი

ახალი ან შეყინული სხვა ბოსტნეული – 4 758 500 დოლარი

პარკოსანი გამხმარი ბოსტნეული – 3 403 100 დოლარი

ახალი ან შეყინული კარტოფილი – 2 792 500 დოლარი

წყარო:bpn.ge 

სტუდენტური პროგრამა „მწვანე ეკონომიკის სკოლა“ გაიხსნა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN-ის თანამშრომლობით ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამის „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ საზეიმო გახსნა გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან.

როგორც „ინტრეპრენიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ გახსნაზე შეკრებილ სტუდენტებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებს და მოწვეულ სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა სიტყვით მიმართა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის დაფინანსების შესაძლებლობებზე მცირე ბიზნესისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის მიმდინარე ინიციატივების ფარგლებში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობს საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეული 20 სტუდენტი, რომლებიც გადამზადდებიან და გაიგზავნებიან საქართველოს რეგიონებში ტყის რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, ან ეროვნული მოდელების შესამუშავებლად.

„პილოტირებისთვის, წარმოდგენილი პროექტები პროგრამის ფარგლებშივე დაფინანსდება და სტუდენტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდება“, – განაცხადა CENN-ის დირექტორმა ნანა ჯანაშიამ.

სამინისტროს ცნობით, მდგრადი განვითარების მიზნებისა და სოფლის განვითარების სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად და „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მხარდასაჭერად, CENN-თან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და უნივერსიტეტებმა მრავალმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

„პროგრამა ინიცირებულია პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო:ipn.ge 

ქართველი ფერმერი ქალი საკუთარ მეურნეობას ყიდის, რომლის საინვესტიციო ღირებულება 2.5 მლნ-ია

0

ქართველი ფერმერი ქალი საკუთარ მეურნეობას ყიდის.

საუბარია, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეზე, რომელიც ახალციხეში, ახალციხის რაიონ სოფელი წნისში სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთებს ფლობდა.

როგორც ზამბახიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ის საკუთარ მეურნეობას სრულად ყიდის. რაც შეეხება ღირებულებას, ზამბახიძე აღნიშნავს, რომ ქონების შეფასებას აუდიტი აკეთებს და შემდეგ უკვე მოლაპარაკების საკითხი იქნება, თუმცა, მისივე თქმით, საინვესტიციო ღირებულება 2.5 მლნ-ია.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კი, ნინო ზამბახიძე აღნიშნავს, რომ ფერმერთა ასოციაციაში გააგრძელებს საქმიანობას და არც იმას გამორიცხავს, რომ სოფლის მეურნეობის სხვა პროექტი დაიწყოს, აგროტურიზმის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ ზამბახიძემ ფერმერული მეურნეობის გაყიდვის შესახებ 2019 წლის იანვარში განაცხადა. როგორც ზამბახიძე აცხადებდა, ამის მიზეზი სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ბიუროკრატია და ხარვეზები იყო.

„8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი. ბევრი გამოწვევა იყო ამ პერიოდის განმავლობაში.. ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ! ასე რომ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ყველაფერს – რასაც შევწირე თავი, რის გამოც სოფელში გადავედი საცხოვრებლად და შვილები ფაქტობრივად, დედის გარეშე დავტოვე, რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი, ანუ ჩემს ფერმერულ მეურნეობას ვყიდი,“-აცხადებდა მაშინ ზამბახიძე.

წყარო:bpn.ge 

სურსათის ეროვნული სააგენტო – ცხოველთა ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

0

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველთა ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

სააგენტოს ცნობით, ის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ცხოველთა უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებაზე და თურქულის, ჯილეხის, ცოფის, ნოდულარული დერმატიტის, ბრუცელოზის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებებისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნებას.

სააგენტოს ვეტერინარების მიერ 6 თვეში ვაქცინირებულია:

თურქულის საწინააღმდეგოდ – 791 600 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი

ჯილეხის საწინააღმდეგოდ – 402 003 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი

ცოფის საწინააღმდეგოდ – 107 275 სული ცხოველი

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ – 130 411 მსხვილფეხა პირუტყვი

ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ – 194 767 მსხვილფეხა და 251 810 წვრილფეხა პირუტყვი

წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგოდ – 195 978 პირუტყვი

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 3250 მსხვილფეხა პირუტყვი.

ვაქცინაციის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ბრუცელოზის სერომონიტორინგს (სისხლის ნიმუშების კვლევა) და ტუბერკულოზის კვლევებს.

წყარო:ipn.ge 

რატომ გადაწყვიტეს მოცვის მწარმოებლებმა პროდუქტის ევროკავშირის ნაცვლად რუსეთში გატანა

0

მოცვის მწარმოებელმა ოთხმა ქართულმა კომპანიამ საკუთარი მოსავალი ევროკავშირის ნაცვლად, რუსეთის ბაზარზე გაიტანა. საუბარია კომპანიებზე: „ლურჯი ველი“, „მოცვი“, “ჯეობერი“, „ქართული მოცვი“, ისინი ამხანაგობის ფარგლებში ერთად საქმიანობენ და რამდენიმე თვის წინ Global G.A.P-ის სერთიფიკატიც მიიღეს. აღნიშნული დოკუმენტი დასტურია, რომ პროდუქტი ყველა უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ქართული მოცვის მისაღებად ევროკავშირი მზად არის. თუმცა, როგორც კომპანია „მოცვის“დამფუძნებელი ზვიად მირიანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე რუსეთმა მწარმოებლებს უკეთესი პირობები შესთავაზა.

აპირებენ თუ არა ქართული კომპანიები სამომავლოდ რუსეთის ბაზარზე გადასვლას, ზვიად მირიანაშვილი ამბობს, რომ არა. მისი თქმით, ქართული მოცვისთვის ყველა ქვეყნის კარი ღიაა და საიდანაც უკეთეს შეთავაზებას მიიღებენ, მასთან ითანამშრომლებენ.

„მიმდინარე თვეში მოსავალი უკვე ავიღეთ და ექსპორტზეც გავიტანეთ. თავიდან, საცდელად გავაგზავნეთ იტალიაში და გერმანიაში, თუმცა საბოლოოდ მთლიანი პარტია (დაახლოებით, 60-65 ტონა ) რუსეთში გავიტანეთ. როგორც იცით, ჩვენ ყველა საჭირო სერთიფიკატი გვაქვს და სატესტო ნიმუშების გაგზავნით დავადასტურეთ, რომ ჩვენი მოსავალი არის ხარისხიანი და სრულიად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთიდან უკეთესი ბიზნეს წინადადებები მივიღეთ.

რაც შეეხება სამომავლო პარტნიორობას, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ მხოლოდ რუსეთის ბაზართან ვითანამშრომლოთ. ჩვენ მომავალ წელსაც ვიქნებით მზად როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ ქვეყნების ბაზრისთვის. შესაბამისად, ვინც უკეთეს წინადადებას შემოგვთავაზებს, მასთან ვითანამშრომლებთ. თუ რუსეთის ბაზარი დაიხურება, ჩვენთვის არც ეს იქნება პრობლემა, გაყიდვების ალტერნატიული არხი ბევრი გვაქვს“,- აცხადებს ზვიად მირიანაშვილი.

წყარო:bpn.ge